ორშაბათი, დეკემბერი 09, 2019

201804251414006227საქართველო არის უძველეს ევროპელთა, ყურძნისა და ღვინის, ოქროს წარმოების, ძაფის, მეტალურგიის უძველესი სამშობლო. ამ ჩამონათვალს, შესაძლოა, თაფლიც დაემატოს.

ცნობილია, რომ ბორჯომში, სოფელ საკირესთან აღმოაჩინეს თაფლი, რომელიც, ექსპერტების აზრით, ჩვენ წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულით თარიღდება.

ამ აღმოჩენას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია მსოფლიო ისტორიაშიცა და მკვლევარების მიერ წარმოდგენილ ქრონოლოგიაშიც. ამ აღმოჩენამდე მიიჩნევდნენ, რომ უძველესი თაფლი ტუტანჰამონის (ეგვიპტის XVIII დინასტიის ფარაონი ძვ.წ.აღ. 1347—1337 წწ) სამარხში აღმოჩენილი თაფლია, მაგრამ ეს ვერსია ქართველი მეცნიერების აღმოჩენამ თავდაყირა დააყენა.

არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სამცხე-ჯავახეთში 2003 წელს აღმოაჩინა ყორღანი, რომელიც 5500 წლის წინანდელია. იქ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა ორი ქოთანი, რომლებშიც თაფლი ინახებოდა. პროდუქტს რამდენიმე ექსპერტიზა ჩაუტარდა და თაფლის ბიოლოგიური შემადგენლობა დაზუსტდა. აქედან გამომდინარე, ქართული თაფლი ტუტანჰამონის თაფლზე 14 საუკუნით უფრო ძველია.

ფუტკარი და თაფლი უძველეს ინდურ, ეგვიპტურ, ებრაულ თუ სხვა წყაროებში ხშირად არის დასახელებული. ძველ ეგვიპტურ პაპირუსებში დედა ფუტკარი ეგვიპტისა და ფარაონების ძალაუფლების ამსახველ სიმბოლოდ არის წარმოჩენილი; ბევრ მასალას იძლევა ფუტკრისა და თაფლის შესახებ ძველი ბერძნული და რომაული მასალები და სხვა. ასევე ფუტკარს ხშირად ენიჭებოდა ესა თუ ის სიმბოლური დატვირთვა, ხოლო თაფლი სამკურნალოდ უხსოვარი დროიდან გამოიყენებოდა.

იმას, რომ საქართველოში მეფუტკრეობას უძველესი დროიდან მისდევდნენ, გარდა ზემოაღნიშნული აღმოჩენისა, მრავალი ისტორიული წყარო და ეთნოგრაფიული მასალა მოწმობს.

ქართველი ხალხი ფუტკარს ოდითგან ღვთაებრივ მწერად მიიჩნევდა, არსებობდა ფუტკრის კულტიც.

უძველეს საქართველოში წელიწადში ერთი დღე ფუტკარს ეძღვნებოდა. ფუტკრის ოჯახთა რაოდენობის მიხედვით აცხობდნენ კვერებს და შუა საფუტკრეში ხეზე ჰკიდებდნენ, საღამო ხანს კი ბავშვებს ურიგებდნენ. წესად იყო ქცეული ფუტკრის შელოცვა ავი თვალისგან. ამ დღეს მამაკაცები სკებს ამზადებდნენ, საფუტკრეს ასუფთავებდნენ, ღობავდნენ და ა.შ. დიდ დანაშაულად ითვლებოდა ფუტკრისადმი უდიერი მოპყრობა, უპატივცემლობა. შემდგომ საუკუნეებში კი ფუტკარს, როგორც ღვთაებრივ მწერს, ეკლესიასაც კი სწირავდნენ. (სახელმძღვანელო „მეფუტკრეობის საფუძვლები").

ასევე ცნობილია, რომ ქართულ თაფლს მათრობელა თვისებები ჰქონია და ამას ქართველები მტერთან ბრძოლის დროს იყენებდნენ. ძველ წყაროებში აღნიშნავენ, რომ პომპეუსის შემოსევის დროს კოლხებს გზაზე, სადაც ჯარს უნდა გაევლო, მათრობელა თაფლით სავსე ჭურჭელი დაუდგამთ. რომაელ ჯარისკაცებს თაფლი უჭამიათ და გაბრუებულან, ამის შემდეგ კი კოლხებს მტერი ადვილად დაუძლევიათ.

ფუტკარი უნიკალური მწერია, რომელიც, გარდა თაფლისა, კიდევ 5 უნიკალურ პროდუქტს იძლევა: დინდგელს, ცვილს, ყვავილის მტვერს (ჭეოს), ფუტკრის რძესა და ფუტკრის შხამს.